English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ეკა ლეკაშვილიია ნაცვლიშვილი
ქალთა გამოწვევები სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისას საქართველოში

ჟურნალი N 3.2023

ნაშრომში განხილულია საქართველოში ქალთა წინაშე არებული გამოწვევები სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისას.
2023 წლის დასაწყისში უმაღლესი განათლების და კვლევის მიმართულებით ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის (APPEAR) პროექტის ,,ქალთა მეწარმეობა - ქალ სტუდენტთა გაძლიერება სამეწარმეო კარიერისთვის“ (Female entrepreneurship – Empowering female students to pursue an entrepreneurial career (FEEN) ფარგლებში ჩატარდა ქალთა სამეწარმეო შესაძლებლობების კვლევა , რომლის ამოცანაა, მეწარმეობის დაწყების პერიოდში ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების შესწავლა. პროექტის მთავარი თემა ქალთა მეწარმეობაა. საერთო მიზნის მიღწევა კი ორმხრივად ხორციელდება. ის ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინიციატივას, რაც აძლევს ქალ სტუდენტებს სამეწარმეო პოზიციების დაკავების შესაძლებლობას.
პროექტი, მეწარმეობის და მისი სწავლების საკითხს, ახლებური ჭრილით წარმოაჩენს, კერძოდ, სტუდენტი ქალების მომზადებას სამეწარმეო კარიერული ზრდისთვის.

საკვანძო სიტყვები: ქალთა მეწარმეობა; სამეწარმეო პოტენციალი, გენდერული უთანასწორობა, მდგრადი განვითარების მიზნები, კვლევის STAR მეთოდი.

კვლევა განხორციელდა პროექტის კოორდინატორი გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით. პროექტი ემსახურება აკადემიური პარტნიორობის შექმნას ავსტრიასა და საქართველოს შორის, რაც დაეხმარება  ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას სამეწარმეო საქმიანობის დაწყებაში.

 

შესავალი


ნაშრომში, კვლევის საფუძველზე, შესაწავლილია საქართველოში ქალთა წინაშე არებული გამოწვევები სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისას. კვლევა ჩატარდა STAR მეთოდით ფოკუს ჯგუფებთან ინტერვიუს გზით. კვლევის პროცესისთვის კითხვარი შემუშვდა მეწარმეობის წამოწყების პოტენციალის დადგენის/შეფასების ტესტის საფუძველზე.
კვლევის შედეგად გამოვლინდა სირთულეები, რომლებიც ხელს უშლიან ქალებს სამეწარმეო საქმიანობის არჩევასა და სამეწარმეო კარიერულ წინსვლაში. კერძოდ, გამოიკვეთა ბიზნესის წამოწყებაზე მოქმედი შემდეგი ინდივიდუალური ფაქტორები: დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი; მამაკაცებთან შედარებით ქალ-მეწარმეთა მეტი რისკიანობა და ემოციურობა, მოლაპარაკებების დროს მეტად ეფექტურობა; ტექნიკური და ლოგისტიკური პრობლემები.
სიტუაციურ ფაქტორებს შორის გამოიკვეთა გენდერული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, თანამედროვე საზოგადოებაში ქალი არ განიხილება როგორც ლიდერი და მეწარმე. გამოვლინდა, რომ ქალებს მამაკაცებთან შედარებით აქვთ ნაკლები წვდომა ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო ფინანსებზე, ნაკლები ფინანსური უსაფრთხოება და უფრო ნაკლები მხარდაჭერა ოჯახისა და მეგობრებისგან ბიზნესის წამოწყებისას.
გამოკითხვის შედეგებით დადგინდა ბიზნეს იდეაზე გავლენის მქონე შემდეგი ფაქტორები: ქალთა ნაკლები ეფექტურობა ბიზნესის წამოსაწყებად შესაძლებლობების იდენტიფიცირების კუთხით; დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე, რაც აიძულებთ წამოიწყონ მეწარმეობა; ბიზნესის დაწყების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლებად ინფორმირებულობა; ნაკლები ცოდნა პროდუქტის შეფუთვისა და ექსპორტირების პროცედურებზე; მეტი რისკი და ნაკლები უსაფრთხოება ქალთა ბიზნესებისთვის.
ფოკუს ჯგუფში მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობიდან (გამოიკითხა 18 ქალი-მეწარმე) და თვისებრივი კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვლევის შედეგები არ არის რეპრეზენტატული, რადგან ვერ მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი და ბიზნესის ყველა სექტორი. შესაბამისად, დაიგეგმა კვლევის ჩატარება ქალ-მეწარმეთა უფრო მეტი რაოდენობის ჩართულობით.

 

საკვლევი პრობლემის შესწავლის დონე და აქტუალურობა

 

მეწარმეობის თემა აქტუალურია, რადგან ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და კონკურენტუნარიაონობის ამაღლების ფაქტორია, რადგან მეწარმეები ქმნიან სამუშაო ადგილებს (Kollmann et al. 2016), მუშობენ ინოვაციებზე (Sáez-Martínez et al., 2014) და ეს ზრდის მშპ-ს (Van Stel et al., 2005). შესაბამისად, მეწარმეობა განიხილება, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზა.

თანამედროვე პირობებში, განსაკუთრებით გახშირებული კრიზისების, საომარი მოქმედებების და ბოლოს, პოსტ-პანდემიის პერიოდიდან არასტაბილური დასაქმების რისკ-ფაქტორის შემცირების მიზნით, სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს სამეწარმეო საქმიანობას. მეწარმეობა ადამიანებისთვის საკუთარი რესურსების განკარგვის და უკეთესი თვითრეალიზაციის შესაძლებლობაა. სამეწარმეო საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემებით (FreshBooks, 2023), მეწარმეები 5-ჯერ მეტად აფასებენ თავისუფალ დროს, ვიდრე შემოსავლებს და მათი საერთო რაოდენობის 22%-ს სწორედ მოქნილი სამუშაო დრო მოსწონს. 5-დან 1 მეწარმე მართავს საოჯახო ბიზნესს, რაც ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ სამეწარმეო კარიერა ნებისმიერს შეუძლია აირჩიოს, ამ გზას უფრო მეტი მამაკაცი ირჩევს ქალებთან შედარებით, რის შედეგადაც მსოფლიოში 1,5-ჯერ მეტი მამაკაცი მეწარმეა, ვიდრე ქალი (Elam et al. 2021), დღეისათვის მსოფლიოში 231 მილიონი ქალი იწყებს ან მართავს საკუთარ ბიზნესს (GEM 2018-2019 Women’s Entrepreneurship Report), თუმცა, აშშ-ში ისინი მამაკაცებზე 28%-ით ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებენ (FreshBooks 2023). შემოსავლებში გენდერული სხვაობა კიდევ უფრო მაღალია სხვადასხვა კულტურაში, მათ შორის საქართველოში (Shneor et al. 2013). საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წელს 51241 რეგისტრირებულ ახალ საწარმოთაგან 29698 საწარმოს მამაკაცი ფლობს, ხოლო 15 108 - ქალი. დარჩენილი ნაწილი სქესის მიხედვით არაიდენტიფიცირებულია. უახლესი მონაცემებით, ბიზნესის დამფუძნებელი კაცები თითქმის ორჯერ აღემატებიან ამავე კატეგორიის ქალების რიცხოვნობას (FreshBooks 2023). თუ განვიხილავთ ეკონომიკური სექტორების მიხედვით, ბიზნესის მფლობელი ქალების შედარებით მცირე რაოდენობა გვხვდება სამთომოპოვებით მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროში და სოფლის მეურნეობაში. მეორე მხრივ, ბიზნესის მფლობელი ქალების რიცხოვნობა გაცილებით მეტია, კაცი მფლობელების რიცხოვნობაზე საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურება და სხვა სახის მომსახურებები (ქალი და კაცი საქართველოში, 2022, 97). გენდერული უთანასწორობა დასაქმებაში, განათლებასა და შემოსავლების განაწილებაში ჯერ კიდევ არსებობს საქართველოშიც. საზოგადოების ყველა ჯგუფს არ აქვს თანაბარი წვდომა დასაქმებასა თუ სამეწარმეო შესაძლებლობებზე. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ფორმალურად იზიარებს იდეას გენდერული თანასწორობის შესახებ. ამავე დროს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იზიარებს გენდერული როლების ტრადიციულ განაწილების იდეას (Natsvlishvili, 2017, 491).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი და კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, ქალებისთვის და კაცებისთვის თანაბარი უფლებების და შესაძლებლობების სამართლებრივ ჩარჩოს განსაზღვრავს, მათ შორის არსებითი თანასწორობის მისაღწევად ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაოები (ქალი და მამაკაცი საქართველოში, 2022). ამასთან, გაეროს მდგრადი განვითარების (SDG) მიზნების ნაციონალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო გლობალური 17 მიზნის ადაპტაცია, განსაზღვრა რა საქართველოსთვის პრიორიტეტული ამოცანები, მაჩვენებლები და სამიზნეები (Lekashvili & Jamagidze 2022). SDG დღის წესრიგის განხორციელებით, 2030 წლისთვის ქვეყანაში მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა გენდერული თანასწორობის მიმართულებით, რაც იმავდროულად ყველა ქალისა თუ გოგოს შესაძლებლობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2022 – 2030). ქალების გაძლიერება სამეწარმეო კარიერული ზრდისთვის, თავის მხრივ, ემსახურება მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზანს:
1. გენდერულ თანასწორობას (#5);
2. ღირსეულ შრომას და ეკონომიკურ ზრდას (#8) ;
3. ინდუსტრია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურას (#9). (მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი).
ამასთან, მეწარმეობა თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში ქვეყნების განვითარების და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელოვან გზად მიიჩნევა, რადგან მეწარმეები ქმნან სამუშაო ადგილებს (Kollmann et al. 2016), მუშაობენ ინოვაციებზე (Sáez-Martínez et al. 2014) და ეს ზრდის მშპ-ს (Van Stel et al., 2005). შესაბამისად, მეწარმეობა ეკონომიკის მდგრად განვითარებას უზრუნვეყოფს(Lekashvili 2022).
მეწარმეობის საკითხთა მკვლევარები შეეცადნენ, გაეზომათ გლობალიზაციისა და გენდერული უთანასწორობის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე. აღმოჩნდა, რომ ქალთა სამეწარმეო საქმიანობას წვლილი შეაქვს არა მხოლოდ საოჯახო შემოსავლებში, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ კეთილდღეობაში (Sajjad et al. 2020, 151). მსოფლიოს 69 ქვეყანაში (მოიცავდა, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებს) ეკონომიკურ განვითარებაში ქალთა მეწარმეობის როლის შეფასებისას მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკურ განვითარებაზე ქალთა მეწარმეობის ზეგავლენა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით, რადგან განსხვავდება ამ ქვეყნების განვითარების დონე და ინფრასტრუქტურა. ქალთა მეწარმეობის პროდუქტიულობა და მათი ეკონომიკური წვლილი დამოკიდებულია ქვეყნის განვითარების დონესა და კულტურულ ნორმებზე (Sajjad et al. 2020, 157). დადგინდა, რომ მეწარმე ქალების მდგომარეობაზე ზეგავლენის კუთხით გლობალიზაციას უმნიშვნელო კავშირი აქვს ეკონომიკურ განვითარებასთან - მსოფლიოს უმეტეს რეგიონში, ადგილობრივი ეთიკა და კულტურული ფასეულობები მკაცრად განსაზღვრავს ქალების როლს, რაც ხელს უშლის ქალებს მისდიონ მეწარმეობას საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორიიდან მოშორებით მსოფლიოს მასშტაბით. ფინანსურ და ტექნიკურ სირთულეებთან ერთად ქალებმა უნდა გადალახონ კულტურული და ეთიკური ბარიერებიც, თუ მათ სურთ იყვნენ წარმატებულნი. მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებშიც მოქმედებს ქალთა სამეწარმეო საქმიანობაზე გარკვეული შეზღუდვები (მაგალითად, თავისუფლად მოგზაურობა, მემკვიდრეობის მცირე წილი, სამუშაოსა და პროფესიის არჩევანი). სწორედ ამ შეზღუდვების გამო, ქალებში სიღარიბის დონე უფრო მაღალია კაცებთან შედარებით. ქალებს შეუძლიათ ამ დისბალანსის აღმოფხვრა საზოგადოებაში სოციალურ აქტივობაში ჩართულობის გაძლიერებით, თანამედროვე საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიური უნარების გაუმჯობესებით. ეს, თავის მხრივ, დაეხმარება ქალ მეწარმეებს საკუთარი შესაძლებლობების გლობალური მასშტაბით რეალიზებაში, წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობასა და ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანაში (Sajjad et al. 2020, 154).
ქალები შეადგენენ მსოფლიოში სამუშაო ძალის 40%-ს და მამაკაცებთან შედარებით ნაკლებს გამოიმუშავებენ. ქალთა მეწარმეობისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია გენდერული უთანასწორობა, რასაც აქვს უარყოფითი გავლენა ქალთა მეწარმეობაზე. უმრავლეს შემთხვევაში, ქალებს ახასიათებთ ნაკლებ თავდაჯერებულობა და ნაკლებად მოსალოდნელია, წამოიწყონ მეწარმეობა სწორედ სოციალური სტატუსის, საოჯახო და კულტურული შეზღუდვების გამო. გენდერულ უთანასწორობას მნიშვნელოვანი, მაგრამ უკუპროპორციული კავშირი აქვს ეკონომიკურ განვითარებასთან - რაც უფრო მეტია განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის, მით ნაკლებია ეკონომიკის განვითარება. გენდერული უთანასწორობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ იკავებენ ქალები მეწარმეობისგან თავს (Sajjad et al. 2020, 158).
ზოგადად საქართველო და, კონკრეტულად, მისი დედაქალაქი თბილისი, ბიზნესისა და სტარტაპების დაარსებისთვის კარგ ადგილად ითვლება. მსოფლიო ბანკის ცნობილი ბიზნესის კეთების ინდექსის (2020) მიხედვით, საქართველომ ბიზნესის კეთების სიმარტივით ევროპაში მე-2 და მსოფლიოში მე-7 ადგილი დაიკავა. ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში მეწარმეების რაოდენობის ზრდას (WKO, 2021). ასე რომ, ერთი მხრივ, საქართველო გახდა მიმზიდველი ბიზნეს ლოკაცია არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ (დასავლეთ) ევროპის კომპანიებისთვისაც.
მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეობა ქმნის სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, საქართველოში სამუშაო ძალის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით დაბალია ქალებში მამაკაცებთან შედარებით (საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, 12). აღნიშნულიდან გამომდინარე, დაისვა კვლევითი კითხვაც: სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად რა სახის ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს საქართველოში ქალი მეწარმეების წინაშე? შესაბამისად, კვლევის მიზანია შეისწავლოს ქალთა გამოწვევები სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისას საქართველოში, რაც დაგვეხმარება მოვახდინოთ იმ სირთულეების იდენტიფიცირება, რაც ხელს უშლის ქალებს სამეწარმეო საქმიანობის არჩევასა და სამეწარმეო კარიერულ წინსვლაში.
ქალთა გამოწვევების შესწავლა საქართველოში მიზნად ისახავს ქალების გაძლიერებას პრესტიჟულ სამუშაოებზე საკმაოდ მასკულანურ ქართულ კულტურაში (Hofstede, 1998). შესაბამისად, კვლევა ემსახურება საქართველოში მეწარმეობაში გენდერული გამოწვევების გარკვევას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:
• სამეწარმეო პრობლემატიკაზე შესრულებული თანამედროვე მოწინავე ნაშრომების შესწავლა კვლევის თეორიულ-მეთოდოლოგიური ბაზის ჩამოსაყალიბებლად
• თვისებრივი კვლევისთვის ინსტრუმენტის შემუშავება და ფოკუს-ჯგუფის ჩატარება
• კვლევის შედეგების დამუშავება ქალებისთვის სამეწარმეო საქმიანობის არჩევასა და სამეწარმეო კარიერულ წინსვლაში არსებული სირთულეების იდენტიფიცირების მიზნით.

კვლევის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები

კვლევა ჩატარდა STAR მეთოდით (სიტუაცია, ამოცანა, მოქმედება, შედეგი), ფოკუსჯგუფებთან ინტერვიუს გზით (ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს საფუძველზე დამწყებ და ბიზნესის განვითარების გვიანეულ ეტაპზე მყოფ ქალ მეწარმეებთან).
ზოგადად, STAR ინტერვიუს მეთოდი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც კვლევების, ასევე, კონსულტირებისა და ტრენინგის დროს. წინამდებარე კვლევის პროცესში ინტერვიუს კითხვარის შემუშავებისას კონცეფტუალურ საფუძველს წარმოადგენდა მეწარმეობის წამოწყების პოტენციალის დადგენის/შეფასების ტესტი (STAR-Start Up Check), რომელიც აფასებს ინდივიდის კომპეტენციებს, თვისებებს და გარემოში არსებულ ვითარებებს, რომელიც საჭიროა ბიზნესის წარმატებულად დასაწყებად (Bergner & Felfe, 2022).
კვლევის ორიგინალურობაა ის, რომ საქართველოში პირველად განხორციელდა ქალ მეწარმეთა სამეწარმეო წამოწყების პოტენციალის შეფასება STAR-Sturt Up Check მეთოდოლოგიით.
STAR მეთოდის ტექნიკის გამოყენებით ინტერვიუ გულისხმობს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც ოთხი კომპონენტისგან შედგება:
1. სიტუაცია: კონკრეტული შემთხვევის/ვითარების აღწერა და მითითება, თუ როდის მოხდა;
2. ამოცანა: ამოცანების ახსნა და მიზნის ჩამოყალიბება;
3. ქმედება: ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებების შესახებ დეტალების გადმოცემა;
შედეგი - ქმედებების შედეგების შეჯამება (Bergner & Felfe, 2022).
კითხვარის შემუშავების მეთოდოლოგიურ მიდგომაში სამი მნიშვნელოვანი მდგენელი განიხილება:
1. პიროვნება, თავისი კომპეტენციებით და ხასიათით;
2. ბიზნეს-იდეა;
3. სიტუაცია, რომელშიც ინდივიდია (იხ. დიაგრამა).

   Situation, Task, Action, Rezult

პიროვნების კომპეტენციების და ხასიათის შესასწავლად აქცენტი კეთდება შემდეგ მახასიათებლებზე: ემოციური სტაბილურობა, ფიზიკური გამძლეობა, ქსელის შესაძლებლობა, გაურკვევლობისადმი ტოლერანტობა, პროაქტიურობა, გამძლეობა, თვითდასაქმება, რისკის თავიდან აცილება/უგუნებობა, თვითეფექტურობა, წარუმატებლობის შიში, კონტროლის ფოკუსი.
ბიზნეს-იდეის მდგენელში მოიაზრება: შესაძლებლობების აღიარება, ბიზნეს იდეის კონკრეტიზაცია, მეწარმედ გახდომის მიზეზები (პირადი/ეკონომიკური), გამოხმაურება და მხარდაჭერა ბიზნეს იდეის შესახებ, განხორციელებადობა.
სიტუაცია კი, რომელშიც იმყოფება ინდივიდი და იღებს გადაწყვეტილებას მეწარმეობის დაწყების შესახებ, გაისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით: ფინანსური კაპიტალი, პირადი ფინანსური უსაფრთხოება, წარმატების ისტორიები, სოციალური ნორმები, მხარდაჭერა (პროფესიები და ოჯახი.), საოჯახო რესურსები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ქსელები, დროითი რესურსები, რეალისტური შეხედულება თვითდასაქმებაზე.
აღნიშნული კომპონენტების გათვალისწინებით შემუშავდა კითხვარი ფოკუს ჯგუფთან ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს ჩასატარებლად, რომელიც ზოგად ბლოკთან ერთად სამ ნაწილს მოიცავს: ინდივიდების თვისებებზე დაფუძნებული განცხადებები; სიტუაციაზე დაფუძნებული განცხადებები; ბიზნეს იდეებზე დაფუძნებული განცხადებები. ინტერვიუ ჩატარდა სამ ფოკუს ჯგუფთან 2023 წლის 27, 29 და 31 მარტს. ანკეტაში წარმოდგენილი 21 შეკითხვიდან თითოეული შეფასდა 4 პუნქტიანი სქემის მიხედვით - ვეთანხმები - 4, ნეიტრალურად ვარ განწყობილი - 3, არ ვეთანხმები - 2, არ ვიცი - 1.

ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა სამეწარმეო პროფილი

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მეწარმე ქალები და მეწარმეობის წამოწყების შესახებ გადაწყვეტილებამიღებული რესპონდენტები შემდეგი დარგებიდან: ტურიზმი - 5 რესპონდენტი; საკვების წარმოება და რესტორნები - 6 რესპონდენტი; განათლება (უმაღლესი განათლება) - 3 რესპონდენტი; მედიცინა და ჯანდაცვა - 1 რესპონდენტი; ენერგოსექტორი (განახლებადი ენერგია) - 1 რესპონდენტი; საინფორმაციო ტექნოლოგიები-1 რესპონდენტი; საკონსულტაციო მომსახურება - 1 რესპონდენტი (სულ - 18 მონაწილე, მათგან 50% სრული დატვირთვით, ხოლო დანარჩენი არასრული დატვირთვით (პარალელურად დასაქმებულები) მოქმედი მეწარმე). გამოკითხულ ქალ მეწარმეთა საშუალო ასაკი - 43 წელი. კვლევაში ჩართული მეწარმე ქალების შერჩევისას გამოყენებული იქნა ე.წ. ,,თოვლის გუნდის პრინციპი“.
სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილების ხანგრძლივობის კუთხით გამოკითხულთა შორის შემდეგი სურათი გამოიკვეთა: სტრატაპები ან ბიზნესის წამოწყების შესახებ გადაწყვეტილებამიღებული რესპოდენტები - 4; რესპოდენტები სამიდან ექვს წლამდე მეწარმეობის გამოცდილებით - 5; შვიდიდან 10 წლამდე მეწარმეობის გამოცდილებით - 3; თერთმეტიდან ოც წლამდე მეწარმეობის გამოცდილებით - 3 რესპონდენტი, ოც წელზე მეტი მეწარმეობის გამოცდილებით - 3 რესპონდენტი. გლობალური მეწარმეობის მონიტორის მეთოდოლოგიის გამოყენებით (Global Entrepreneurship Monitor 2014, Global Report 2015,23) სამეწარმეო საქმიანობის ხანგრძლივობის/ბიზნესის განვითარების სტადიების მიხედვით მონაწილეთა დაჯგუფება შესაძლებელია სამ კატეგორიაში: ახალწარმოქმნილი/“ჩვილი“ ბიზნესები/ბიზნესის წამოწყების ფაზაში მყოფი რესპონდენტები - 3; ახალი ბიზნესები (3,5 წლამდე ფუნქციონირების ხანგრძლივობა) - 1 რესპონდენტი; “დამკვიდრებული“ ბიზნესები (3,5 წელზე მეტი ფუნქციონირების ხანგრძლივობა) - 14 რესპონდენტი. შესაბამისად, გამოკითხული რესპოდენტები წარმართავენ ,,დამკვიდრებულ“ ბიზნესს და შესაბამისად, შეფასებული აქვთ როგორც საკუთარი სამეწარმეო შესაძლებლობები, ასევე ბიზნეს-გარემო და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.
კვლევის შეზღუდულობა: ფოკუს ჯგუფში მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობიდან და თვისებრივი კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვლევის შედეგები ვერ იქნება რეპრეზენტატული, რადგან ვერ ფარავდა საქართველოს ყველა რეგიონსა და ბიზნესის ყველა სექტორს. შესაბამისად, საქართველოში ქალების მიერ სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისას გამოწვევების სრულფასოვნად გამოსავლენად საჭიროა ფართომასშტაბიანი კვლევა მთელი ქვეყნის დონეზე, რომელიც, თავის მხრივ, მოითხოვს დიდ რესურსებს. კვლევის აღნიშნულმა შეზღუდულობამ გვიბიძგა გვემუშავა ახალი საგრანტო რესურსების მოსაძიებლად, რათა შესაძლებელი გახდეს აღნიშნული კვლევის მასშტაბის გაზრდა შედეგების რეპრეზენტატულობისთვის.

კვლევის შედეგების განხილვა

კვლევით კითხვაზე რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს საქართველოში ქალი მეწარმეების წინაშე სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად? გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა ინდივიდუალურ ფაქტორებს შორის ბიზნესის წამოწყებაზე მოქმედი შემდეგი ფაქტორები: ბიზნესის წამოწყებას უპირატესად განსაზღვრავს დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი; რესპონდენტები ქალ მეწარმეებს უფრო რისკიანებად და ემოციურებად, მოლაპარაკებების დროს კი უფრო ეფექტურებად მიიჩნევენ, მამაკაცებთან შედარებით. ამასთან, მათი აზრით, მეწარმე ქალები ბიზნესის წამოწყებისას უფრო მეტ ტექნიკურ და ლოგისტიკურ პრობლემებს, აწყდებიან, ვიდრე მამაკაცები.
ფოკუს ჯგუფთან ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუს შედეგად სიტუაციურ ფაქტორებს შორის გამოიკვეთა გენდერული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, თანამედროვე საზოგადებაში ქალი არ განიხილება როგორც ლიდერი და მეწარმე (რესპონდენტებმა მიიჩნიეს, რომ ეს სტერეოტიპი განსაკუთრებით მყარია და გავრცელებულია რეგიონებსა და სასოფლო დასახლებებში). საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს ქალ მეწარმეს. ქალის მიერ მართული ბიზნესი ნაკლებად რეპუტაციულად მიაჩნიათ. დღესაც არ არის საზოგადოება მზად, მიიღოს ქალი ლიდერად; ხორციელდება ქალი-მეწარმეების ე.წ. ბულინგი (დაშინება/დაცინვა), ქალის ტრადიციული როლის შესაბამისად ქალის საქმედ მხოლოდ საოჯახო საქმიანობა მიიჩნევა; ამასთან, ქალებს სამეწარმეო საქმიაობისთვის აქვთ ნაკლები დროითი რესურსი სწორედ მათი ტრადიციული როლისა და ფიზიოლოგიის გამოც (ბავშვის გაჩენა და გაზრდა).
გამოვლინდა, რომ ქალებს მამაკაცებთან შედარებით, აქვთ ნაკლები წვდომა ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო ფინანსებზე, ნაკლები ფინანსური უსაფრთხოება და უფრო ნაკლები მხარდაჭერა ოჯახისა და მეგობრებისგან ბიზნესის წამოწყებისას. ნაკლებია წარმატებული ქალი მეწარმეების შემთხვევებიც, შესაბამისად, ნაკლებად შუქდება ასეთი წარმატებული ისტორიები მასმედიით.
გამოკითხვის შედეგებით გამოვლინდა ბიზნესიდეაზე გავლენის მქონე შემდეგი ფაქტორები: რესპონდენტთა აზრით, ქალები ნაკლებად ეფექტიანები არიან ბიზნესის წამოსაწყებად შესაძლებლობების იდენტიფიცირების კუთხით; ხშირად მისდევენ ე.წ. „აუცილობლობით“ წამოწყებულ მეწარმეობას, რადგან აწყდებიან დისკრიმინაციას შრომის ბაზარზე; ბიზნესის წამოწყებისას იურიდიულ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით უფრო ნაკლებად ინფორმირებულები არიან; აქვთ ნაკლები ცოდნა პროდუქტის შეფუთვისა და ექსპორტირების პროცედურებზე; ნაკლები უსაფრთხოებაა შექმნილი მათი ბიზნესებისთვის.

დასკვნა

ამრიგად, სამეწარეო საქმიანობის დაწყებისას საქართველოში ქალთა გამოწვევების კვლევა განხორციელდა STAR (Situation, Task, Action, Rezult) მეთოდით ინტერვიუს გზით ფოკუსჯგუფებთან (ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს საფუძველზე დამწყებ და ბიზნესის განვითარების გვიანეულ ეტაპზე მყოფ ქალ მეწარმეებთან). კვლევის შედეგების არარეპრეზენტატულობის მიუხედავად, გამოიკვეთა, რომ პიროვნული მახასიათებლების მიზეზებიდან გამომდინარე, გამოკითხულთა თვალსაზრისით ქალები მეწარმეობის დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას თავშეკავებულნი არიან. ისინი ამ გადაწყვეტილებას უმთავრესად იღებენ ფინანსური და პიროვნული დამოუკიდებლობის მიზნის მისაღწევად. ქალებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია პიროვნული და სიტუაციური ფაქტორებით. აღმოჩნდა, რომ ქალი მეწარმეები ნაკლებად არიან დარწმუნებულნი საკუთარ თავში ბიზნესის დაწყებისას, ვერ აფასებენ საკუთარ სამეწარმეო შესაძლებლობებს (განსაკუთრებით საფრთხის, რისკების გადალახვის და მართვის უნარების შემთხვევაში, რაც მეწარმეობისთვის უმნიშვნელოვანესი უნარებია), თუმცა ბიზნესში პრობლემების გადალახვის თითოეულ ჯერზე მათი თვითშეფასება მაღლდება. სიტუაციური ფაქტორები კი კულტურული განსხვავებებით განპირობებული ძალაუფლების გენდერული ჭრილით გადანაწილების თავისებურებით აიხსნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ საქართველოში ქალებს სჭირდებათ მხარდაჭერა პიროვნული და სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის, რაც შეიძლება განსხვავებული იყოს მამაკაცებთან მიმართებით. სიტუაციურ ფაქტორებზე დაყრდნობით ქალი მეწარმეებისთვის ეკოსისტემის მოწესრიგება გულისხმობს არამარტო ოჯახთან მიმართებით არსებული ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესებას, როგორიცაა: ბავშვთა მოვლა-მომსახურეობა, საოჯახო საქმეებში დახმარება, არამედ კულტურული აპექტების გაჯანსაღებას, როგორებიცაა ქალთა თავისუფლების ხარისხი, საქმიანი მოგზაურების შესაძლებლობა და სხვა, რაც მოითხოვს ცვლილებებს დამოკიდებულებებსა და ტრადიციულ საოჯახო ნორმებში.

ლიტერატურა:

• კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ (2015). https://matsne.gov.ge/ka/document/view/91624?publication=10; /ბოლო ნახვა 29.04.23/
• მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი (2015).
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2022 – 2030
• საქართველოს მცირე და საშულო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგია. 2022 წლის სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. თებერვალი, 2023 წ. https://www.economy.ge/?page=ecopolitic&s=45; /ბოლო ნახვა 29.04.23/;
• საქსტატი (2022). ქალი და კაცი საქართველოში. https://www.geostat.ge/media/2022.pdf; /ბოლო ნახვა 29.04.23/
• Bergner S., Felfe J. (2022). STAR. Startup Check: Testing the potential for starting a business and self-employment. Publisher: Hogrefe. pp. 341
• Elam A. B., Hughes K. D., Guerrero M., Hill S., Nawangpalupi C., & del Mar Fuentes M. (2021). Global Entrepreneurship Monitor. 2020/2021 - Women’s Entrepreneurship Report. GERA: London. pp.146
• GEM 2018-2019 (2020). Women’s Entrepreneurship Report. pp.108
• Global Entrepreneurship Monitor (2014), Global Report (2015). https://www.gemconsortium.org/report/gem-2014-global-report; (ბოლო ნახვა 10.03.23)
• Hofstede G. (1998). Attitudes, Values and Organizational Culture: Disentangling the Concepts. Organization Studies, 19(3), pp. 477-493;
• Kollmann T., Stöckmann C., Hensellek S., & Kensbock J. (2016). European Startup Monitor 2016. Universität Duisburg-Essen: Duisburg, Germany. pp.112;
• Lekashvili E. ( 2022). „The Challenges of Georgia’s Economic Policy in Achieving Sustainable Development Goal 9 in the COVID-19 Pandemic Period“. 6th FEB International Scientific Conference: Challenges in Economics and Business in the Post-COVID Times. Editor Zladko Nedelko. Slovenia. University of Maribor, pp.21-33. https://doi.org/10.18690/um.epf.5.2022.3ISBN 978-961-286-600-6;
• Lekashvili E., & Jamagidze L. (2023). „Structural Transformation and Export Performance in Georgia: Is There a Need for the New Industrial Policy?“ STRATEGIC PLANNING AND MARKETING IN DIGITAL WORLD 2022. Publishing Complex UNWE. Editorial Board Prof. Dr. Hristo Katrandjiev and et.al). pp.4-14. https://doi.org/10.37075/SPM.2022.1;
• Natsvlishvili I. (2017). Gender Inequality and Women’s Entrepreneurship-Challenges and Opportunities (Case of Georgia). Country experiences in Economic Development, Management and Entrepreneurship. Proceedings of the 17th Eurasia Business and Economics Society Conference. Volume 5. Springer International Publishing, pp. 491-505.
• Sáez-Martínez F., González-Moreno Á., & Hogan T. (2014). The Role of the University in Eco-Entrepreneurship: Evidence from the Eurobarometer Survey on Attitudes of European Entrepreneurs towards Eco-Innovation. Environmental Engineering and Management Journal, 13(10), pp.2541.
• Sajjad M., Kaleem N., Irfan Chani M., Ahmed M. (2020). Worldwide Role of Women Entrepreneurs in Economic Development. Asia Pacific Journal of Innovation and Entrepreneurship, Emerald Publishing Limited, Volume 14 Issue 2. pp. 150-160. https://www.emerald.com/insight/content/doi/10.1108/APJIE-06-2019-0041/full/html#sec012 /ბოლო ნახვა 21.05.23/.
• Shneor R., Metin Camgöz S., Bayhan Karapinar P. (2013). The Interaction between Culture and Sex in the Formation of Entrepreneurial Intentions. Entrepreneurship & Regional Development, 25(9-10), pp. 781-803.
• Van Stel A., Carree M., Thurik R. (2020). The Effect of Entrepreneurial Activity on National
World Bank. Doing Business 2020: Measuring Regulatory Quality and Efficiency. The World Bank: NY, US.
• WKO Wirtschaftskammer Österreich Georgien Wirtschaftsbericht (2021). WKO: Wien. http://www.wko.at; (ბოლო ნახვა 29.04.23);
• FreshBooks, https://www.embroker.com/blog/entrepreneur-statistics/ (ბოლო ნახვა 29.04.23)

References:

• kanoni genderuli tanastsorobis shesakheb (2015). [Law on Gender Equality, 2015.] in Georgian https://matsne.gov.ge/ka/document/view/91624?publication=10 last seen 29.04.23/
• mdgradi ganvitarebis miznebis erovnuli dokumenti (2015). [National document of sustainable development goals, 2015.] in Georgian
• sakartvelos ganatlebisa da metsnierebis ertiani strategia 2022-2030 tsts. [Unified strategy of education and science of Georgia 2022-2030.] in Georgian
• sakartvelos ekonomikisa da mdgradi ganvitarebis saministro (2023). sakartvelos mtsire da shida metsarmeobis ganvitarebis 2021-2025 tslebis strategia; 2022 tslis samokmedo gegma tsliuri angarishi. [Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia (2023). 2021-2025 strategy for the development of small and domestic entrepreneurship of Georgia. 2022 Action Plan Annual Report.] in Georgian https://www.economy.ge/?page=ecopolitic&s=45 (last seen29.04.23/
• Geostat (2022). kali da katsi sakartveloshi. [Woman and man in Georgia.] in Georgian https://www.geostat.ge/media/2022.pdf last seen 29.04.23/
• Bergner S., Felfe J. (2022). STAR. Startup Check: Testing the potential for starting a business and self-employment. Publisher: Hogrefe. pp. 341
• Elam A. B., Hughes K. D., Guerrero M., Hill S., Nawangpalupi C., & del Mar Fuentes M. (2021). Global Entrepreneurship Monitor. 2020/2021 - Women’s Entrepreneurship Report. GERA: London. pp.146
• GEM 2018-2019 (2020). Women’s Entrepreneurship Report. pp.108
• Global Entrepreneurship Monitor (2014), Global Report (2015). https://www.gemconsortium.org/report/gem-2014-global-report; last seen 10.03.23)
• Hofstede G. (1998). Attitudes, Values and Organizational Culture: Disentangling the Concepts. Organization Studies, 19(3), pp. 477-493;
• Kollmann T., Stöckmann C., Hensellek S., & Kensbock J. (2016). European Startup Monitor 2016. Universität Duisburg-Essen: Duisburg, Germany. pp.112;
• Lekashvili E. ( 2022). „The Challenges of Georgia’s Economic Policy in Achieving Sustainable Development Goal 9 in the COVID-19 Pandemic Period“. 6th FEB International Scientific Conference: Challenges in Economics and Business in the Post-COVID Times. Editor Zladko Nedelko. Slovenia. University of Maribor, pp.21-33. https://doi.org/10.18690/um.epf.5.2022.3ISBN 978-961-286-600-6;
• Lekashvili E., & Jamagidze L. (2023). „Structural Transformation and Export Performance in Georgia: Is There a Need for the New Industrial Policy?“ STRATEGIC PLANNING AND MARKETING IN DIGITAL WORLD 2022. Publishing Complex UNWE. Editorial Board Prof. Dr. Hristo Katrandjiev and et.al). pp.4-14. https://doi.org/10.37075/SPM.2022.1;
• Natsvlishvili I. (2017). Gender Inequality and Women’s Entrepreneurship-Challenges and Opportunities (Case of Georgia). Country experiences in Economic Development, Management and Entrepreneurship. Proceedings of the 17th Eurasia Business and Economics Society Conference. Volume 5. Springer International Publishing, pp. 491-505.
• Sáez-Martínez F., González-Moreno Á., & Hogan T. (2014). The Role of the University in Eco-Entrepreneurship: Evidence from the Eurobarometer Survey on Attitudes of European Entrepreneurs towards Eco-Innovation. Environmental Engineering and Management Journal, 13(10), pp.2541.
• Sajjad M., Kaleem N., Irfan Chani M., Ahmed M. (2020). Worldwide Role of Women Entrepreneurs in Economic Development. Asia Pacific Journal of Innovation and Entrepreneurship, Emerald Publishing Limited, Volume 14 Issue 2. pp. 150-160. https://www.emerald.com/insight/content/doi/10.1108/APJIE-06-2019-0041/full/html#sec012 (last seen 21.05.23).
• Shneor R., Metin Camgöz S., Bayhan Karapinar P. (2013). The Interaction between Culture and Sex in the Formation of Entrepreneurial Intentions. Entrepreneurship & Regional Development, 25(9-10), pp. 781-803.
• Van Stel A., Carree M., Thurik R. (2020). The Effect of Entrepreneurial Activity on National
World Bank. Doing Business 2020: Measuring Regulatory Quality and Efficiency. The World Bank: NY, US.
• WKO Wirtschaftskammer Österreich Georgien Wirtschaftsbericht (2021). WKO: Wien. http://www.wko.at; (last seen 29.04.23);
• FreshBooks, https://www.embroker.com/blog/entrepreneur-statistics/ (last seen 29.04.23)

 

Keywords: Women's entrepreneurship, entrepreneurial potential, gender inequality, sustainable development goals, STAR method of research.
JEL Codes: J16, L20, L26,